Loading data...
სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სკანერის საშუალებით, სპეციალურად მოწყობილ სამალავიდან სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.