სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქალაქ ბათუმსა და ქედის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 138 აბი „მდმა“, 50 გრამი „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ასევე, „მეტამფეტამინი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და სინთეზური ნარკოტიკი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.