აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი ომის დასასრულებლად დიპლომატიას ემხრობა, დონალდ ტრამპი კი პირობებს მიუღებლად მიიჩნევს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი კვლავ იმედოვნებს, რომ დიპლომატიის გზით შესაძლებელი იქნება შეერთებულ შტატებთან ომის დასრულება. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს სურს შეთანხმება, თუმცა ისეთი, რომელიც მისთვის მიუღებელია.
არაღჩიმ სახელმწიფო გაზეთ „ირანს“ განუცხადა, რომ ირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავლების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა გრძელდება და რომ თეირანი ისწრაფვის ისეთი „შეთანხმების მიღწევისკენ, რომელიც შემდგომი ომის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს“.
მან ასევე განაცხადა, რომ ირანს სურს გარანტიები იმისა, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულადაა განწყობილი, ვიდრე პროცესი უფრო შორს წავა. მან დასძინა, რომ ირანმა შუამავლებთან ნდობის აღდგენის ღონისძიებების ფორმა და ხასიათი განიხილა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანის „წითელი ხაზები“ ქვეყანაში მაღალგამდიდრებული ურანის დატოვებასაც მოიცავს, თუმცა დასძინა, რომ „სამართლიანი გადაწყვეტის“ მიღწევა კვლავ შესაძლებელია.
„მიმაჩნია, რომ ბირთვულ მასალებთან დაკავშირებულ საკითხზე შესაძლებელია სამართლიანი გადაწყვეტის მიღწევა, ისეთის, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება და, ამავდროულად, ქვეყნის საჭიროებებსაც პასუხობს“, - განაცხადა არაღჩიმ.
20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა: „მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ არ სურთ ისეთი შეთანხმების დადება, რომელიც ჩემთვის მისაღები იქნება“.