სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი" ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.