Loading data...
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ვიზის მიღებისა და შესაბამის ქვეყნის საელჩოში წარსადგენად, ერთ-ერთ პირს დაუმზადა და 700 აშშ დოლარად გაასაღა ტრანზაქციების თაობაზე ყალბი საბანკო ამონაწერი, ასევე, დასაქმებისა და შემოსავლის შესახებ ყალბი ცნობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.