საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი გიორგი კანდელაკია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის - 75 ათას 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.
დაკავებულია შვიდი ადამიანი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ბიზნესმენი და წარსულში ცნობილი მოკრივე გიორგი კანდელაკია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, ჰქონდათ ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე კი იყო უაქციზო სიგარეტები.
„ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია). ასევე, ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.