Loading data...
Reuters, CBS, AL Jazeera, al arabiya - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ ოპერაციას და ურანის ამოღებას საერთაშორისო მედია ეხმიანება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას, რომლის შედეგად, თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს, საერთაშორისო მედია ეხმიანება.

Reuters, CBS, AL Jazeera და AL Arabyia სუსის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

სუსის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.