პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ტაილანდური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ. ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევენ კლიენტებს. თანხის ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორი იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.
„დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.