პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად სისტემატური „ქურდული გარჩევების“, დაშინების, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში. ისინი როგორც დამოუკიდებლად, ასევე „კანონიერ ქურდის“ ჩართულობით სხვადასხვა პირებს შორის არსებულ დავებს განიხილავდნენ. უკანონო „ქურდული გარჩევების” შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების განმტკიცებისკენ, სარგებლის და უპირატესობის მიღებისკენ.
სამართალდამცველებმა 27 პირი დააკავეს, 4 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 2 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.