პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალი წაუყენა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.