პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებს „მეტადონს“ და „ალფა-პვპს“. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები და სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.