Loading data...
პროკურატურა: გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 მარტს დააკავეს. დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.