პოლიციამ „გლოვოს“ კურიერზე ძალადობისთვის სამი პირი დააკავა, მათგან 2 არასრულწლოვანია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, „გლოვოს“ კურიერზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი
ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.