Loading data...
ყაზახეთში ახალმა პროსამთავრობო პარტიამ პარლამენტში დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვა

ეგზიტპოლების შედეგებით, ყაზახეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ახლადშექმნილმა პროსამთავრობო პარტია „ადილეტმა“ დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვა. აღნიშნული შედეგი გაამყარებს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევის ძალაუფლებას ქვეყანაზე, რომელიც ენერგიისა და მინერალების მსხვილი ექსპორტიორია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ყაზახეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული სამი განსხვავებული ეგზიტპოლის თანახმად, პარტია „ადილეტმა“ ხმების 70%-დან 72%-მდე მიიღო, ხოლო ამომრჩეველთა აქტივობამ 74%-ს გადააჭარბა.

პარლამენტში ადგილები ოთხმა მცირე ოპოზიციურმა პარტიამაც მოიპოვა, თუმცა ისინიც ტოკაევის მიმართ ლოიალურად განწყობილ ძალებად მიიჩნევიან.

პარტია „ადილეტი“ წელს პრეზიდენტის უახლოესმა თანაშემწეებმა შექმნეს და მან სწრაფად შთანთქა ყოფილი მმართველი პარტია „ამანატი“. 

ყოფილი საბჭოთა დიპლომატი და გაეროს ოფიციალური პირი ყასიმ-ჟომართ ტოკაევი 2019 წლიდან ხელმძღვანელობს ცენტრალური აზიის უდიდეს ეკონომიკას და ინარჩუნებს თბილ ურთიერთობებს როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან და ჩინეთთან.

ვადამდელი არჩევნები წელს ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ დაინიშნა, რომელიც ორპალატიან პარლამენტს ერთპალატიანად გარდაქმნის. გასულ თვეში ყაზახეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ახალი კონსტიტუცია ტოკაევს კიდევ შვიდი წლით კენჭისყრის უფლებას აძლევს.

ასტანაში ხმის მიცემისას ტოკაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაადრევია იმის თქმა, აპირებს თუ არა არჩევნებში ხელახლა კენჭისყრას. მან ასევე განაცხადა, რომ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას — ეს თანამდებობა ახალი კონსტიტუციით შეიქმნა — და რომ მის მიერ შერჩეული პირი „საყოველთაოდ ცნობილი“ ადამიანია.