პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი: 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.ქ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1996
წელს დაბადებული ბ.უ. და 1991 წელს დაბადებული მ.ქ. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 74 შეკვრა „მეთადონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და დიდი ოდენობით ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.