Loading data...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის ხელმძღვანელებმა, 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს.

შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას გადაეცა 3 432 520 ლარი, თუმცა სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის მომზადებისა და გამოყენების გზით, თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში სხვა შესაძლო მონაწილეების იდენტიფიცირებისა და დანაშაულებრივი სქემის სრულად გამოვლენის მიზნით. სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების ნებისმიერ ფაქტზე მოხდება მკაცრი რეაგირება.