პენიტენციური სამსახური ლაითურის დაწესებულებაში პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა.
Newshub.ge-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას უწყებაში განმარტეს, რომ პატიმარი ინიციალებით ა. მ. დაწესებულებაში საერთოდ არ ფიქსირდება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რაც, პენიტენციური სამსახურის განცხადებით, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უწყებაზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.
შეგახსენებთ, „გურიის მოამბემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. ბადრაგმა ძალის გამოყენებით გააუპატიურა. გამოცემის ცნობით, დაზარალებულმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა, თუმცა პატიმრის მამაზე სპეცსამსახურებისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა ფაქტი მიეჩქმალათ.