პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც newshub.ge-ს ინფორმაციის გადამოწმებისას პენიტენციური სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი იმყოფება საკანში მარტო და მასზე ხორციელდება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა“, - განგვიცხადეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
პენიტენციურ სამსახურში, ასევე, აღნიშნეს, რომ ვინაიდან ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად არასამუშაო დღისა, ბრალდებულის ადვოკატს საშუალებას მისცემენ, რომ შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულოს ბრალდებული და დარწმუნდეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.