ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი - ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს. 2019 წლის განაჩენით მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა ცნობილი.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.