მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს - თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს დაჰპირდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მობილურ ტელეფონებს შეიძენდა, ხოლო ტექნიკის გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს თანაბრად გაუნაწილებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.