ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დროს მომხდარი თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასოფლელებს დაჰპირდა, რომ დაუმზადებდა გერმანიის ფედერაციის სამუშაო ვიზებს, წინასწარ გამოართვა 1 500 - 1 500 ევრო, თუმცა დანაპირები არ შეუსრულა და მოქალაქეების კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა ისარგებლა ნაცნობის ნდობით, რომელსაც ბინის გამოსყიდვის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, მესაკუთრისთვის გადასაცემად გამოსძალა 8 000 ლარი და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.