ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, თუმცა ციხეში 3 წელს მოიხდის - მას, ასევე, 1 000 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი, ასევე მსჯავრდებული ვასილ მხეიძე, საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, სასჯელის ნაწილს ციხეში მოიხდიან. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე წარადგენს შუამდგომლობებს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რაც გულისხმობს მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
შუამდგომლობების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნება დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე უკვე მსჯავრდებულები არიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელები“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.