„დაზარალებულის ფინანსური სახსრებით თბილისში 5 ბინა შეიძინა“ - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ფინანსური აქტივების დაგროვებაში დახმარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც დაზარალებულის ფინანსური სახსრებით თბილისში 5 ბინა შეიძინა. ბინების ნაწილი ფიქტიურად საკუთარ სახელზე გააფორმა, მოგვიანებით მესამე პირებზე გაასხვისა და რეალიზაციიდან მიღებული 836 880 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.