Loading data...
ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სიგარეტები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.