ბრალდებულმა დაზარალებული ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - 1 პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტისას, ბრალდებულმა დაზარალებული ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.