Loading data...
არჩილ გორდულაძე: კონკრეტული მართული ტელევიზიები და ადამიანები ცდილობენ, რომ შოუდ გადააქციონ მართლმსაჯულება და ხელი შეუშალონ მის განხორციელებას, რეალურად, რაც არის კანონმდებლის მიზანი, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა მოხდეს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოყენებულია ბოროტად

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, ეხმიანება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომლის თანახმადაც, სასამართლო შენობაში, სხდომათა დარბაზსა და ეზოში ნებისმიერი ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, ხოლო გადაღების ნებართვა ექნება მხოლოდ სასამართლოს, ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს.

გორდულაძის განცხადებით, კონკრეტული მართული ტელევიზიები და ადამიანები ცდილობენ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას და სასამართლო პროცესების შოუდ გადაქცევას და შესაბამისად, ამიტომაც იქნა კანონში ცვლილება შეტანილი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებულად ცდილობენ მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალონ და გარკვეული პირები იქამდეც კი არიან მისულები, რომ პირდაპირ ესწრებიან სასამართლო სხდომებს, რაც არის მოსამართლეზე ზეწოლის განხორციელების ერთ-ერთი ფორმა. წარსულში ჩვენ, ასევე, ვნახეთ სამწუხაროდ, კატეგორიულად მიუღებელი მოვლენა, როდესაც მოსამართლეს პასუხი მოსთხოვეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

გარკვეულ პირებს აქვთ სურვილი, რომ მართლმსაჯულება გადააქციონ შოუდ და რეალურად, რაც კანონმდებლის მიზანი არის, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა მოხდეს, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით - ეს არის გამოყენებული ბოროტად და კონკრეტული მართული ტელევიზიები, მართული და დაფინანსებული ადამიანები ცდილობენ, რომ შოუდ გადააქციონ მართლმსაჯულება და ხელი შეუშალონ მის განხორციელებას.

სწორედ ამიტომაც, არის შემოთავაზებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო თვითონვე უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას, ამავდროულად, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოითხოვოს სხდომის ოქმი, ჩანაწერი და ამავდროულად, თუ იქნება მოტივირებული შუამდგომლობა, სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული მედიასაშუალება იქნება, თუ სხვა პირი დაუშვას სასამართლო პროცესზე გადაღების უფლებით“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.