Loading data...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა, თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ და დიდი ოდენობით „ალფა პვპ“.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.