Loading data...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„სამართალდამცველებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 76 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების
დაფასოებისთვის საჭირო მასალები. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.