„ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“ და „მეთადონი“ - აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ო.კ. და 1993 წელს დაბადებული მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე მ.პ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“ და „მეთადონი“. პოლიციამ, ასევე, ამოიღო ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტები“, - აცხადებენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.