ალექსანდრე დარახველიძე: ჰაერის ხარისხი, რომელიც ქვეყანაში დღეს გვაქვს, არ არის სახარბიელო, მთავარი და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ ავტომობილებისგან წამოსული ზემოქმედებაა, რასაც მოძველებული ავტომობილები იწვევენ
ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის პირველი აპრილიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ 2026 წლის პირველ აპრილამდე შეძენილი და ტრანსპორტირებადაწყებულ ავტომობილებს არ შეეხებათ ეს ცვლილებები, ხოლო თუკი ჩვენი მოქალაქეები 2026 წლის პირველი აპრილის შემდგომ საზღვარგარეთ შეიძენენ ავტომობილს, გადაწყვეტენ ქვეყანაში ჩამოყვანას, რეგისტრაციას და ქვეყნის ტერიტორიაზე მისით სარგებლობას, მათ მოუწევთ, რომ დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რაც დადგენილებაში არის განსაზღვრული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ავტომობილი უნდა იყოს 6 წელზე ნაკლები ასაკის და უნდა იყოს ევრო 5-ის სტანდარტის.
„აღნიშნული ცვლილება არ ეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომელიც ქვეყანაში არ რჩება და გადის რეექსპორტზე. გარდა ამისა, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ცვლილება ეხება ყველა იმ ავტომობილს, რომელიც ქვეყანაში უკვე შემოყვანილი და რეგისტრირებულია. ბუნებრივია, ეს არის მტკნარი სიცრუ. ის ავტომობილები, რომელიც უკვე ჩვენს მოქალაქეებს შეძენილი აქვთ და სარგებლობენ საქართველოში, ისევ ისე გააგრძელებენ მათ განკარგვას“, - აღნიშნა დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ საქართველო წლებია, მოწინავეა გზებზე დაშავებულ, ასევე გზებზე გარდაცვალებულ პირთა და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით.
დარახველიძის განმარტებით, ჰაერის ხარისხი, რომელიც ქვეყანაში დღეს არის, არ არის სახარბიელო. მთავარი და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ ავტომობილებისგან წამოსული ზემოქმედებაა, რასაც მოძველებული ავტომობილები იწვევენ.
„დღემდე ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საცობები, რომელიც გამოწვეულია გაზრდილი მობილობით და ქვეყანაში ავტომობილების გაზრდილი რაოდენობით. ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობას და აღმასრულებელ ხელისუფლებას უჩენს ვალდებულებას, რომ პერიოდულად მიიღოს ცვლილებები იმისთვის, რომ ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯები გადადგას“, - დასძინა ალექსანდრე დარახველიძემ.