ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში განხილვა მიმდინარეობს თუ სად გადის ზღვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის, ამიტომ ბალანსის დაცვა და სწორი მიდგომების საკანონმდებლო დონეზე გაწერა მნიშვნელოვანია.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება განხორციელდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და დაზუსტდება ცილისწამების განმარტება. შესაბამისად, ცილისწამება განიმარტება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
„მოქმედი რეგულაციების თანახმად, სამართლებრივი დავის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს ანუ პირს, რომლის შესახებაც გაკეთდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მოსარჩელის ნაცვლად, მოპასუხეს, როგორც ცილისწამების ავტორს, სასამართლოში თავად დაეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პროექტით, მოქმედი ნორმების მსგავსად, ცალ-ცალკე მუხლებით რეგულირდება კერძო და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა, ზუსტდება ნორმების ფორმულირება, ზიანის მიყენებისა და მტკიცების ტვირთის ახლებური რეგულაციების შესაბამისად.
„რადგან ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმეები უმეტეს შემთხვევაში შეეხება შელახული რეპუტაციის აღდგენას, რაც დროში ხანგრძლივი გაჭიანურების შემთხვევაში უმეტესწილად არაპროდუქტიულია და აზრს კარგავს, მიზანშეწონილია, ცილისწამებასთან დაკავშირებული დავების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ ხდებოდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისათვის დადგენილი ვადის 10 დღემდე შემცირებას ნაცვლად არსებული 1 თვიანი ვადისა, ხოლო „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებებით, ცილისწამების საქმეების განხილვის ვადა შემცირდება 1 თვემდე ვადით“, - განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.