Loading data...
აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 97 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ხოლო, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ასევე ამოღებულია 5 ლოკაციაზე განთავსებული დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.