Loading data...
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების განაჩენი გამოცხადდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაშა ბერიძეს - 7 წელი მიესაჯა, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წელი, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წელი, თორნიკე მჭედლიშვილს, გური ჟვანიასა და ნიკა გვენცაძეს ხუთ-ხუთი წელი.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ასევე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხებათ დანარჩენ ბრალდებულებს, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) ჰქონდა წარდგენილი. ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ამასთან, ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. მათ, ასევე, ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, გური ჟვანიას, მას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.