სვანეთსა და ლეჩხუმში დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით, ცაგერისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
გეგმარებითი დაცული ტერიტორია მესტიის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს, დაახლოებით 80 000 ჰექტარს მოიცავს და 3 ეროვნული პარკის, 3 ბუნების ძეგლის და 1 აღკვეთილის დაარსებას მოიაზრებს.
ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება უზრუნველყოფს რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვას და შენარჩუნებას, ასევე, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.
სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამიტომ, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების პროცესში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება.
მიმდინარე ეტაპზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრები მესტიის მუნიციპალიტეტის შემდეგ თემებში: ნაკრა, ეცერი, ფარი, ბეჩო, იფარი, მულახი, კალა, უშგული, ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაკურალეში და ოყურეში გაიმართა.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან სამომავლოდაც გაგრძელდება.