Loading data...
სულხან თამაზაშვილი: ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართული რომ ფერმერებს ციტრუსის შეუფერხებელი რეალიზაციის პირობები შევუქმნათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოებში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საწარმოო პროცესს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში ციტრუსის რთველის მიმდინარეობა შეაფასა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის ჩართული, რათა ფერმერებს შეუფერხებელი რეალიზაციის პირობები შეექმნათ.

,,დღეის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 20 000 ტონამდე მანდარინი, რომლის საერთო ღირებულება 12 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს შედეგი ცხადყოფს, რომ ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ქართული მანდარინი წარმატებით რეალიზდება, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული, რათა ფერმერებს შეუფერხებელი რეალიზაციის პირობები შევუქმნათ.

პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რომ მომდევნო დღეებში მანდარინის ექსპორტი საგრძნობლად გაიზრდება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით გადამუშავდა 12 ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 4 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პირდაპირ აისახება, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ისე მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტანდარტული მანდარინის მიმღები საწარმო შპს „იბერია ორბი ციტრუსი“ და არასტანდარტული მანდარინის მიმღები შპს „Georgian industrial Asset Management Group” დაათვალიერეს.

ციტრუსის საწარმოების საქმიანობას, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ.