სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას ნებისმიერი თაობისა და პროფესიის ადამიანები სრულიად უფასოდ შეძლებენ. აღნიშნული მიმართულებით პირველი ვორქშოფი 7-დან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძის თქმით, სჯსუ 21-ე საუკუნის აუცილებელი АI ინსტრუმენტების შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს.
„უნივერსიტეტის მიდგომა ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას, როგორ შეგვიძლია საჭირო და მე ვიტყოდი, უკვე აუცილებელი ტექნოლოგია ავითვისოთ რეალურ ცხოვრებასა და პროფესიაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, იქნება ეს მასწავლებელი, მოსწავლე, მეწარმე, ფერმერი თუ დიასახლისი.
გასათვალისწინებელია, რომ AI-ის გარშემო დღემდე არსებობს გარკვეული შიშები და მითები. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ამ მითების დანგრევა, ინსტრუმენტების გამოყენების რეალური გზების ჩვენება (განათლება, სოფლის მეურნეობა, ბიზნესი და სხვა), ციფრული უნარების და ინოვაციური კულტურის გაძლიერება რეგიონში და ა.შ.
მონაწილეებს ვთავაზობთ: მარტივად გასაგებ მასალებს, რეალურ მაგალითებზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, პრაქტიკულ დავალებებს და დისკუსიებს და ოფიციალურ სერტიფიკატს კურსის დასრულების შემდეგ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სჯსუ-სთვის ინოვაცია არის არა მხოლოდ მიზანი, არამედ პროცესი - ეს ინიციატივა გვაძლევს შესაძლებლობას, მოვახდინოთ თანამედროვე ცოდნის დემოკრატიზაცია რეგიონში და შევთავაზოთ საზოგადოებას ხელმისაწვდომი ციფრული განათლება“ - აცხადებს სსიპ სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების საკითხებში, კონსულტანტი გიორგი შერვაშიძე.
ცნობისთვის, პირველი სამდღიანი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში სჯსუ-ში, 2025 წლის 7, 8 და 9 აგვისტოს, (18:00–21:00 სთ) გაიმართება.