Loading data...
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობნით, სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი სოფელ ხელედში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაასაწყობა, ხოლო შემდეგ პირად მფლობელობაში არსებული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა ტრანსპორტირებას.

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაიგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული ხე-ტყე, ასევე, სპეცტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება გადატანილი იქნება ლენტეხის სოფელ ლესემის „საქმიან ეზოში“.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ტყის მონიტორინგის და კონტროლის გამკაცრების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები პატრულირებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ნებისმიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ტარდება კანონმდებლობით დადგენილი ზომები.