Loading data...
ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება

ფოთის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა 2025 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. ინფორმაციას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, პროექტი ეფუძნება და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გადამტვირთავი სადგური ფოთის მუნიციპალურ ნარჩენებს მიიღებს. აღნიშნული ნარჩენი ტრანსპორტირდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ახალ რეგიონულ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტზე, რომლის მშენებლობაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აქტიურად მიმდინარეობს.

ნარჩენების გადამტვირთავი სადგურისა და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა ინაურთან,
სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავასთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან ერთად გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, ზუგდიდის მერი დავით კოდუა და ზუგდიდდასუფთავების ხელმძღვანელი მირიანე კილასონია.

„ფოთში მდებარე ნარჩენების გადამტვირთავი სადგურისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტის ოპერირება ერთიანობაში, ნარჩენების მართვის მიმართულებით პოზიტიურ შედეგს მოიტანს. ზუგდიდსა და ფოთში გავეცანით ობიექტების მშენებლობის პროცესს. ზუგდიდის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი 9 მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა, რათა მშენებლობა უმოკლეს დროში დამთავრდეს“, - განაცხადა
მინისტრის მოადგილემ.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მიხეილ გოგოლიძის განცხადებით, ფოთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე არსებული, ძველი ნაგავსაყრელი კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით დაიხურება.