Loading data...
ნინო ნიჟარაძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს სამინისტროს 2026 წლის პროგრამები და სიახლეები გააცნო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან ერთად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს სამინისტროს 2026 წლის პროგრამები და სიახლეები გააცნო. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვა ავრცელებს.

მიმდინარე წელს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 8%-ით გაიზარდა, ბიუჯეტი კი 87 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2026 წელს სამინისტროს მიერ განხორციელდება 39 პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსურს ხელმისაწვდომობას, სოციალურ მხარდაჭერას, თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსებას და პრევენციულ ღონისძიებებს.

„აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სამინისტრო ყოველწლიურად აფართოებს არსებულ პროგრამებს და ნერგავს ახალ სერვისებს. წელს დავიწყეთ ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის და ნარკომანიით დაავადებული პაციენტების სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება, ავამოქმედეთ რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა, გავაფართოვეთ შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, 5 000 ლარამდე გავზარდეთ 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების, ხოლო 2 000 ლარამდე ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება“, - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

გრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელსაც სამინისტროს გასულ წელს ახორციელებდა. მათ შორის ღვიძლის, ძვლის ტვინის, ფილტვის და გულის ტრანსპლანტაცია, ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა და გულის ქირურგია.

მინისტრი მსგავს შეხვედრებს სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც გამართავს.