ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი გაიხსნა
ხელვაჩაურის მოსახლეობას ამიერიდან სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლში დანერგილი მაღალი სტანდარტებით შეეძლება.
იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს.
ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის საკადრო რესურსი სრულად ადგილობრივი მოსახლეობითაა დაკომპლექტებული. აჭარის რეგიონს ამჟამად იუსტიციის სახლის 9 ფილიალი ემსახურება: ქალაქ ბათუმში უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის 2 ფილიალი, ასევე, იუსტიციის სახლები განთავსებულია ქობულეთში, ჩაქვში, მუხაესტატეში, შუახევში, ქედასა და ხულოში.
აჭარაში, ასევე, ფუნქციონირებს მობილური იუსტიციის სახლის ინოვაციური პროექტი, რომელიც ამ დროისთვის უკვე მოემსახურა აჭარის რეგიონში მდებარე ათეულობით სოფლის 10 000-ზე მეტ მცხოვრებს. ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ფარგლებში, კიდევ 4 იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს მცხეთაში, ახმეტაში, ზოტსა და ჭალაში.
ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.