ბათუმში საგანგებო რეჟიმში გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის მუშაობა - ბათუმის მერია

ბათუმში საგანგებო რეჟიმში გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის მუშაობა. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსით. თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა ამ დრომდე მიმდინარეობს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცალკეულ ქუჩებზე რჩება გამოწვევები სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მიმართულებით, რადგან, მიუხედავად უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოებისა, თოვა არ შეჩერებულა და იმავე ქუჩებზე დაბრუნება ტექნიკას არაერთხელ მოუხდა.
„ასევე უწყვეტად ხორციელდება ქალაქში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე რეაგირება, მათ შორის, სახურავების თოვლისგან გაწმენდა და დაზიანებულ სახურავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება ნარჩენების გატანას, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა და ამ წუთებშიც გრძელდება. დღეის მდგომარეობით, ქალაქში არსებული ურნების დიდი ნაწილი დაცლილია და პროცესი 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტის მხრიდან მაქსიმუმი კეთდება იმისათვის, რომ ქალაქის მოსახლეობას არსებითი პრობლემა არ შეექმნას მსგავსი სტიქიის პირობებში“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.