Loading data...
აჭარის მთავრობის სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა და მიმდინარე წლის შედეგები შეაჯამა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა და მიმდინარე წლის შედეგები შეაჯამა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში მთავარ ამოცანად სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა რჩება.

„წლის განმავლობაში ჯანდაცვის პროგრამებით 100 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. მომავალ წელს ბიუჯეტი იზრდება, შესაბამისად გაიზრდება როგორც პროგრამების რაოდენობა, ისე ბენეფიციართა რიცხვი“, – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

განათლების სფეროზე საუბრისას მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განათლება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების საფუძველია. მიმდინარე წელს 10 000-ზე მეტ მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 30 საჯარო სკოლას და აშენდა 2 ახალი სკოლა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის ზრდა იძლევა შესაძლებლობას, აღნიშნული პროცესი მომავალ წელსაც უწყვეტად გაგრძელდეს.

წარმატებულად შეფასდა რეგიონში კულტურის სფეროს განვითარებაც. რეგიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და თანამედროვე კულტურული ცხოვრების განვითარებას ემსახურება.

მთავრობის თავმჯდომარემ სპორტის სფეროზე საუბრისას აღნიშნა, რომ სპორტის დაფინანსება იზრდება. ასევე, მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს, რომლებმაც წლის განმავლობაში არაერთხელ ასახელეს რეგიონი.

სოფლის მეურნეობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის პროგრამებით 29 000-მდე ფერმერმა ისარგებლა. 2026 წელს ამ დარგის ბიუჯეტის ზრდა ნიშნავს, რომ გაფართოვდება მხარდამჭერი პროგრამები და კიდევ უფრო მეტად დაფასდება ადგილობრივი ფერმერების შრომა.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს.