Loading data...
ზვიად შალამბერიძე გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე: „ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე ლაპარაკი, უბრალოდ, უხერხულია“

ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ გრანტების კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ილაპარაკა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ დასკვნაში მითითებულია, თითქოს ეს კანონი ხელს უშლის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შექმნას და ასევე მოყვანილია არგუმენტი, თითქოს კანონის შესახებ საზოგადოებამ სათანადო ინფორმაცია არ მიიღო.

„რომ გადახედონ, როგორ მიმდინარეობდა პარლამენტში დისკუსიები და რამდენ ხანს გრძელდებოდა ამ კანონის მიღება, მგონი, ამ წინადადებას ამოიღებენ, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი, რომ ეს ადამიანები ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე აკეთებენ და აქვეყნებენ რაღაც რეზოლუციებს. ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ ხელი შეუშალოს ახალი ოპოზიციური პარტიის დაფუძნებას საქართველოში, იმიტომ, რომ რეალურად არავის ვუკრძალავთ ფინანსების მიღებას, ოღონდ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და დეკლარირებული. აქედან გამომდინარე, თუ დეკლარირების ვალდებულება უჩნდებათ და საზოგადოებამ ეს დაინახა, ამაში რა არის უცნაური და მიუღებელი? თუ ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იქნება, მივესალმებით ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნასაც და წარმატებასაც. ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე ლაპარაკი, უბრალოდ, უხერხულია“, - აცხადებს შალამბერიძე.