Loading data...
ზვიად შალამბერიძე: დიდ წევრ ქვეყნებს სურთ, ევროკავშირის მმართველობაზე ბერკეტი მთლიანად აიღონ და გადაწყვეტილებები პატარა ქვეყნების ნაცვლად მიიღონ

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს აცილების მექანიზმი ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის შექმნის იდეას, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო და არის დაფუძნებული წევრი სახელმწიფოების თანასწორუფლებიანობაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის დიდ წევრ ქვეყნებს სურთ, გაერთიანების მმართველობაზე ბერკეტი მთლიანად აიღონ.

„დარწმუნებული ვარ, ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება თავად ევროპული საბჭოს შიგნით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში შედიან. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის შექმნის იდეას, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო და არის დაფუძნებული წევრი სახელმწიფოების თანასწორუფლებიანობაზე.

ახლა ამ ფაქტით ვხედავთ, რომ დიდ ქვეყნებს სურთ, ევროკავშირის მმართველობაზე მთლიანად ბერკეტი აიღონ და გადაწყვეტილებები იმ პატარა ქვეყნების ნაცვლად მიიღონ, რომლებიც დღეისათვის არიან ევროკავშირში ან მომავალში აპირებენ გაწევრიანებას. როგორც ჩანს, სურთ, გადაწყვეტილებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღონ, როგორიც არის ევროპული საბჭოს გაფართოება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სანქციების შემოღება და ვეტოს დადება”, – განაცხადა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.