ზურაბ პატარაძე: თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ ქართული პოლიციის ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრაზე განაცხადა.
პატარაძის თქმით, აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა.
„ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, – წერს ზურაბ პატარაძე.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. ზურაბ პატარაძის თქმით, თურქეთის ელჩს განუმარტა, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციას ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები.