ზაქარია წიკლაური: როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ძალადობად ნათლავდეს, ხოლო იმას, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციას აძლევდეს?!
საფრანგეთსა და ბელგიაში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის” თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მედიასთან აფასებს.
მისი თქმით, ევრობიუროკრატებს პატარა და მათთვის უმნიშვნელო სახელმწიფოებთან, მათ შორის, საქართველოსთანაც განსხვავებული დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი აქვთ.
„საფრანგეთსა და ბელგიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი ჩვენთვის ახალი არ არის. მათთვის უმნიშვნელო პატარა სახელმწიფოების მიმართ ევრობიუროკრატებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ და ასეთ დროს მათთვის ორმაგი სტანდარტიც მისაღებია. სწორედ ამის მაგალითია საქართველოც. ამ კონკრეტულმა ევრობიუროკრატებმა დააფინანსეს ის ადგილობრივი ძალები, რომლებიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა მანამდეც ბევრი რევოლუციური სცენარი იყო. მაშინ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები პირდაპირ იდგნენ მომიტინგეების გვერდით და ამას არც კი ერიდებოდნენ.
ამ დროს კი აგრესიულად განწყობილი ქართველი მომიტინგეები სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული რევოლუციური სცენარის აქტიურ ფაზაში გადაყვანას ცდილობდნენ. რომ არა ქართველი სამართალდამცველები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად დაიცვეს ქვეყანა, მივიღებდით კიდევ ერთ რევოლუციას, რომელსაც, კარგად ვიცით, რა ქაოსის შექმნა შეეძლო ქვეყანაში. მაშინ ევროკავშირის წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ სახელმწიფო ჩაგრავს მომიტინგეებს. მაგრამ დღეს საფრანგეთის შუაგულში ვუყურებთ, თუ როგორ ასახიჩრებენ და ფიზიკურად უსწორდებიან აქციის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები, თანაც ისე, რომ არც ასაკს უყურებენ და არც სქესს.
თურმე ყოველივე ეს ევროკავშირის სტანდარტი ყოფილა და ამაზე ხმას არავინ იღებს! როდესაც საქართველოში ევრობიუროკრატების მიერ წაქეზებული ადამიანები პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდნენ, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, ცდილობდნენ რევოლუციის მოხდენას, ეს თურმე დემოკრატია ყოფილა, ხოლო ხელისუფლება, რომელიც ამის აღკვეთასა და წესრიგის დამყარებას ცდილობდა, არაევროპულად მიიჩნიეს. ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი ყოველგვარ ლოგიკას სცდება. ამას ქართული საზოგადოება თვალყურს ადევნებს და ზუსტად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ძალადობად ნათლავდეს, ხოლო იმას, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციას აძლევდეს?! საფრანგეთის სამართალდამცველები იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და იგივეს ვაკეთებდით ჩვენც. როგორ შეიძლება, ჰერჩინსკი აქ განვითარებულ მოვლენებს ძალადობას უწოდებდეს, ხოლო საფრანგეთში მიმდინარე პროცესები მოსწონდეს და ამას „ევროპულ სტანდარტს“ უწოდებდეს?! ანუ, იქაც სამართალდამცველები იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ამას ვამბობდით ჩვენც,” - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.