Loading data...
ვოლსკი - ხიდაშელი, კაპანაძე, კანდელაკი, სანიკიძე, სააკაშვილი კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება პროფესიად ჩამოაყალიბეს, ამით ცხოვრობენ, ამაში ხელფასს იღებენ

„თინა ხიდაშელი რომ თავის განცხადებას უარყოფს, ეს გარკვეული პოზიციაა, რომელიც შეიძლება, იმ შემთხვევაში გამოადგეს, თუ გამოძიება უფრო ღრმად დაინტერესდება მის მიერ გაკეთებული განცხადებით და იმ ზარალით, რაც შეიძლება, ქვეყანას მიყენებოდა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ხიდაშელმა ქვეყანას ზარალი უკვე მიაყენა.

„ფაქტია, რომ შეკვეთა იყო. ამბობს, გარკვეულ საშიშროებაზე მისი მიზანი ყურადღების მიქცევა იყო და მან გაიგო და გაიმეორა, რომ საქართველოში ტერორისტები მზადდებიან, ეს სიცრუეა. ფაქტია, რომ სცენარი ერთია. ყველაფერი ზედაპირზეა, ხიდაშელი, კაპანაძე, კანდელაკი, სააკაშვილი, სანიკიძე ის ადამიანები არიან, ვინც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან და ამ „სამსახურისთვის“ ხელფასს იღებენ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება პროფესიად ჩამოაყალიბეს, ამით ცხოვრობენ და ამაში ხელფასს იღებენ. ასე მუშაობენ და ეს მათი პროფესია გახდა. უნისონში გაკეთებული განცხადებები ვნახეთ, რომლის მიზანია, საკუთარ ქვეყანაზე დარტყმების განხორციელება, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. რაიმე მტკიცებულებაც რომ არსებობდეს, ვალდებული არიან, ეს ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდონ. ასეთ განცხადებებს როცა საჯაროდ აკეთებენ, რასაკვირველია, აქ მიზანი სხვაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.