ვოლსკი: გვყავს მტრები, რომლებიც საქართველოს ნგრევას უპირებენ, ამ მტრებს მხარს უჭერენ შიდა მტრები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურებიან
რასა იუკნევიჩიენე და სხვა ბალტიისპირელი დეპუტატები საქართველოს მიმართ დიდი აგრესიით გამოირჩევიან. მიზეზად ასახელებენ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში დანთებულმა ცეცხლმა გავლენა უნდა მოახდინოს რუსეთის აგრესიის, სულ მცირე, დივერსიფიცირებასა და ამ მიმართულებით ევროპაში აგრესიის გავრცელების პრევენციაზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს არის მთავარი ფორმულა, რომელიც არაერთი ტრიბუნიდან გაჟღერდა.
გია ვოლსკი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე განხილვას გამოეხმაურა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ეს ფრთა, რომელიც ბრიუსელშია, მუდმივად საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგია. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეროვნულ პოზიციაზე დგას და ქვეყანაში სტაბილურობას იცავს. რასა იუკნევიჩიენემ და მისმა მხარდამჭერებმა მოიგონეს ფორმულა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და თურმე, ადამიანები პარლამენტსა და ქუჩაში ცეცხლს რომ ანთებენ, ან ფიზიკური ძალით ცდილობენ, ხელისუფლება დაამხონ, ევროპული ინტერესების დამცველები ყოფილან, კანონმა მათზე თუ იმოქმედა, დემოკრატიიდან უკან დახევას ნიშნავს.
როცა აკვირდები შინაარსს, როგორ გველაპარაკებიან, ურცხვად იტყუებიან და საზოგადოებას შეცდომაში შეყვანას უპირებენ, აკეთებ დასკვნას – გვყავს მტრები, რომლებიც საქართველოს ნგრევას უპირებენ და ამ მტრებს მხარს უჭერენ შიდა მტრები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურებიან.
მიზანს, რომელიც არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი. მთავარი თემა რუსეთია. ომი მიმდინარეობს და უნდათ, საქართველო ომში გმირულად დაეცეს, როგორმე შეღავათი მისცენ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ამ ომის დასრულება არ სურთ. საქართველოს ნგრევა მათ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი გონზე მყოფი ადამიანი ადვილად დაინახავდა, რომ 2012 წლიდან რუსეთის მხრიდან არ გაკეთებულა საქართველოს ხელისუფლებისადმი რაიმე რევერანსი - პირიქით, უამრავი აგრესიული ქმედება ვიხილეთ. ასევე, არც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა ნაბიჯი იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები რეალიზებული ყოფილიყო სამხრეთ კავკასიაში.
ნაბიჯი არ გადადგმულა, რომ ამ გაუგებარი პოლიტიკური წარმომავლობის ადამიანებს საქართველოსთან მიმართებით რაიმე ობიექტურად ეთქვათ. მიზანი ბნელია – საქართველოს იმ მომავალს უქადიან, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს არ შეესაბამება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.