ვოლსკი: აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტი საუბრობს, რომ ევრობიუროკრატია პირდაპირ იჭრება კონკრეტული ქვეყნების შიდა საქმეებში, ფაქტია, ზუსტ დასკვნას აკეთებს, რასთან გვაქვს საქმე
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტი საუბრობს, რომ ევრობიუროკრატია მონსტრად გადაიქცა და რომელიც პირდაპირ იჭრება კონკრეტული ქვეყნების შიდა საქმეებში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“.
„ყველაფერი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე ისევე, როგორც იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომ ამერიკელი გადამხდელების მიერ გადახდილი უზარმაზარი თანხები სხვა ქვეყნების ინტერვენციისთვის არ უნდა იხარჯებოდეს.
იგივე საკითხზე საუბრობს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტი, რომ ევრობიუროკრატია მონსტრად, მექანიზმად გადაიქცა, რომელიც პირდაპირ იჭრება კონკრეტული ქვეყნების შიდა საქმეებში და არათუ პოზიტიური წვლილი აქვს პროცესების განვითარებაში, არამედ ცდილობენ, ყველაფერი ორმაგ სტანდარტებს დაუქვემდებარონ.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საქართველოში საკმაოდ მძიმე შედეგებით დამთავრდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაპირისპირებების გარკვეული კერები შეიქმნა და ამას მიაღწიეს. არ მგონია, მათი საბოლოო შედეგი მათთვის სასარგებლო იყოს, მაგრამ ფაქტია, კონგრესის იურიდიული კომიტეტი ზუსტ დასკვნას აკეთებს, რასთან გვაქვს საქმე, როცა ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობთ. ევროკომისიის მონაცემებით, საქართველო სხვა კანდიდატი ქვეყნების წინ არის ნებისმიერი მიმართულებით, რასაც ევროსტანდარტი ჰქვია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.