Loading data...
ვოლსკი: ახალი არ არის ოპოზიციაში დაპირისპირება, გახსოვთ, გიგი უგულავა ინტენსიურად იმეორებდა, რომ სააკაშვილი არის ჩამოწერილი მანქანა, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადავაგდოთო

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ახალი არ არის. დეპუტატი ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის უთანხმოებას.

„ახალი არ არის დაპირისპირება. გახსოვთ, გიგი უგულავა ინტენსიურად იმეორებდა, რომ სააკაშვილი არის ჩამოწერილი მანქანა, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადავაგდოთო. ამას ამბობდა იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არ იყო პოპულარული იმ ახალგაზრდებში, ვის მომხრეობასაც ისინი ლამობდნენ გარკვეული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით ქვეყნის გარედან. ახლაც იგივე სიტუაცია მეორდება, თუმცა დღეს უფრო ფართოა ამ დაპირისპირების დიაპაზონი და სწორედაც სააკაშვილს, მის ბანერს უკავშირდება და მიაჩნიათ, რომ ხალხის სიმცირე სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ხელსისხლიანი ადამიანი არ უნდა ლიდერობდეს „ნაცმოძრაობას“. არცერთი მათგანი არ არის ამ ბოროტების მანქანის მიღმა, ან პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში - 150 კაცი არის მარტო ქუჩაში დახვრეტილი, მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდები“, - განაცხადა ვოლსკიმ.